13/01/2022
11:26
სამხედრო
წელს პირველად, მინისტრმა აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი მოინახულა, ტერიტორია დაათვალიერა და შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მე-14 ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის განკუთვნილი სამსართულიანი მშენებარე ყაზარმა მოინახულა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. წლის ბოლომდე ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მდებარე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახების მოწყობაც იგეგმება. მიმდინარე წელს მე-11 ბატალიონის შტაბის შენობასა და კიდევ ერთ ყაზარმას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, რითაც აღნიშნულ ბაზაზე სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად დასრულდება. გასულ წელს მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები, განხორციელდა ახალი სანიაღვრე სისტემებისა და ასფალტის საფარის დაგება; ასევე, მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა თავდაცვის უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა, რაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024