24/10/2021
11:02
სამხედრო
მათივე ინფორმაციით, სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ძალების სარდლობებისა და ქვედანაყოფების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი დაიწყო. კურსი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა, გერმანელ და ჰოლანდიელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის ძალებში სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ტრენინგს პოლკოვნიკ იურგენ მუნტენაარის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის/ევროპული სამედიცინო სარდლობის ჯგუფი ატარებს და ქართული მხარისთვის ნატოს წამყვანი სამედიცინო დოქტრინების გაცნობას ისახავს მიზნად.
ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკულ სავარჯიშოებს შეასრულებენ. მსმენელები ბრიგადის საბრძოლო ოპერაციების დროს სამედიცინო დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ.
სამედიცინო შესაძლებლობების ინსტიტუციურ დონეზე განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ევროპული სამედიცინო სარდლობის ჯგუფის წარმომადგენელის, პოლკოვნიკ, იურგენ მუნტენაარის განცხადებით, უკვე დაიწყეს პირველი ფაზის განხორციელება.
„დაახლოებით ნახევარი წლის წინ ნატოსგან მივიღეთ დავალება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოსთვის სამედიცინო ინიციატივის განხორციელებაში გაგვეწია დახმარება. ჩვენ შევაფასეთ არსებული გარემო და გასულ კვირას მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა, გენერალმა სტეფან კოვიტცმა ხელმძღვანელობას წარუდგინა პრეზენტაცია. უკვე დავიწყეთ პირველი ფაზის განხორციელება, რაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს ნატოს სამედიცინო დოქტრინების მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მხრიდან ცოდნის გაზიარება ქართველი სამხედრო ექიმებისთვის, არამედ ჩვენც ვიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ ფუნქციონირებს სამხედრო სამედიცინო სფერო თავდაცვის ძალებში, რომელსაც ჩვენი სარდლობის წარმომადგენლებს გავუზიარებთ“, - განაცხადა იურგენ მუნტენაარმა.
0
0