13/12/2022
15:37
ტურიზმი
შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა.
საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება, მათ შორისაა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები.
ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
0
0