27/03/2024
21:11
კულტურა
სტუ-ის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა შუბითიძე გვიამბობს, თუ როგორ იგეგმებოდა ჰოლივუდის მიერ ფილმების გადაღება დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე... შემდეგ სოსო ჯაჭვლიანმა რომ დაგეგმა ორსერიიანი ფილმი დავით მეოთხეზე - მას ფილმი უნდა გადაეღო თემურ ბაბლუანთან ერთად.
- დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეზე ფილმის გადაღება ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში უნდოდათ პატრიოტ ქართველებს, მაგრამ ამას მოსკოვიდან ვინ დაუშვებდა?! დამოუკიდებლობის შემდეგ, სამოქალაქო ომმა, გაჭირვებამ, უშუქობამ, უგაზობამ შეუშალა ამას ხელი, ფილმებისთვის აღარავის ეცალა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გააქტიურდა ამ თემაზე დისკუსია. დაიწყო ფიქრი სცენარის დასაწერად, გამოჩნდა დათო ტურაშვილის სცენარი დავით აღმაშენებელზე, ასევე ვასო კუკუნაშვილის სცენარი დავით მეოთხეზე, მისი რომანის „ჯვარი-პატიოსანის“ მიხედვით, რომლის მოცულობა ორასი გვერდია... მოკლედ, ამ ისტორიულ თემებზე ინტერესი გაჩნდა. ყველას გვახსოვს, თუ რა წარმატებით გავიდა მსოფლიოს ეკრანებზე ფილმი „მამაცი გული“, სადაც აღწერილია ღია ბრძოლა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ. ქართველების ისტორია უფრო საინტერესოა, რადგან ისინი მსოფლიოს დამპყრობლებს ებრძოდნენ... ამიტომაც დაინტერესდნენ ამით ჰოლივუდში, სადაც განზრახული იყო დავით აღმაშენებელზე 16-სერიიანი ფილმის გადაღება, რომლის თითოეული სერია 20 მილიონ დოლარამდე ჯდებოდა... ეს ინფორმაცია მომაწოდა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, საზღვაო ძალების ყოფილმა სარდალმა გოჩა ვეტრიაკოვმა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იძულებული გახადეს, საქართველო დაეტოვებინა და რომელსაც ეს ინფორმაცია ცოტნე ბაკურიამ - ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა გაანდო...
სამწუხაროდ, მაშინ თანხა ვერ მოიძებნა. პარალელურად ჰოლივუდის პროდიუსერმა - ლეონიდ სენკოვსკიმ თამარ მეფეზე ორსერიიანი მხატვრული ფილმის გადაღებისთვის მზადება დაიწყო, დაიწერა სცენარი, გადაღება კი 120 მილიონი ჯდებოდა. თამარის როლზე ანჯელინა ჯოლი, ასევე სხვა ვარსკვლავებიც მოიაზრებოდნენ... სცენარისთვის ანოტაცია მაშინ გუბაზ სანიკიძეს დაუწერია. საჭირო იყო ხუთი მილიონი დოლარი სცენარის დასახვეწად, ეთნოლოგიური მასალის და დეკორაციების მოსამზადებლად, მაგრამ ქართულმა მხარემ, მთავრობამ ეს თანხა არ გაიღო. ლეონიდ სენკოვსკი თბილისშიც კი იყო ჩამოსული, ყველას შეხვდა, მაგრამ ამაოდ. ამის სანაცვლოდ, სააკაშვილმა მათ შესთავაზა ფილმის გადაღება 2008 წლის აგვისტოს ომზე. ეს სამარცხვინო და უბადრუკი ფილმი 40 მილიონი დოლარი დაჯდა და ეს თანხა წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. მოგვიანებით ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი - ენდი გარსიაც დასცინოდა ამ ყველაფერს 2013-2014 წლებში...
სოსო ჯაჭვლიანს მივეცი წასაკითხად ვასო კუკუნაშვილის რომანი დავით აღმაშენებელზე „ჯვარი-პატიოსანი“, რომელიც ძალიან მოეწონა... კუკუნაშვილი მწერალი და მეცნიერია ნიჟნი-ნოვგოროდში, მას უკვე დაწერილი აქვს ძალიან საინტერესო პიესა „კრწანისი 1990-იან წლებში"... საჭირო იყო რომანის სცენარად გადაკეთება, რაც არ გახლდათ რთული საქმე. რომანში გადმოცემულია ეროვნული იდეოლოგია „დავითიზმი“, რომლის მიხედვით დავით აღმაშენებელმა ჯერ ღირსება აღუდგინა ქართველებს, მერე კი ძლიერი სახელმწიფო შეუქმნა, მძლავრი ეროვნული ფესვებით.
სოსო ჯაჭვლიანმა დაგეგმა ორსერიიანი ფილმის ეკონომიკური ბიუჯეტი, რომელიც 20 მილიონი ლარი, მაშინ - 6 მილიონი დოლარი ჯდებოდა. მას ფილმი უნდა გადაეღო თემურ ბაბლუანთან ერთად. მთავარ როლებში მოიაზრებოდნენ: გია ბურჯანაძე (დავით მეოთხე), თენგიზ არჩვაძე (გიორგი ჭყონდიდელი), კირა ანდრონიკაშვილი (დავითის მეორე მეუღლე - ყივჩაღთა მეფის ასული გურანდუხტი)... ერთ-ერთ როლში სოსო თავადაც აპირებდა თამაშს. ფილმი საინტერესო გამოვიდოდა, მაგრამ ბიზნესმენებმა ფული არ გაიღეს და ეს იდეაც ჩაიშალა.
რაც შეეხება 16-სერიიან ფილმს დავით აღმაშენებელზე, ეს იდეა ცოცხალია და მომავალი წლიდან შეიძლება მის განსახორციელებლად, ამჟამად ბიზნესმენმა, რომელიც ამერიკიდან საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, აქტიური ქმედებები დაიწყოს... დაველოდოთ მომავალ წელს, იმედია ეს იდეა იხილავს დღის შუქს...
მანანა გაბრიჭიძე
ჟურნალი "გზა"
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024