01/10/2024
12:20
მსოფლიო
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის მახლობლად ავტობუსს, რომელშიც დაწყებითი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. ავტობუსი მთლიანად განადგურდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ავტობუსში ცხედრები იპოვეს. მოსწავლეები და მასწავლებლები, ჩრდილოეთ პროვინცია უტაი ტანიდან, ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ. ტაილანდის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, 16 ბავშვისა და 3 მასწავლებლის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა 22 მოსწავლე და ასევე 3 მასწავლებელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
„დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ავტობუსი კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მუშაობდა. სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა ტრანსპორტისთვის ამ ტიპის საწვავის გამოყენება აიკრძალოს, რადგან ეს უკიდურესად სარისკოა“, - დასძინა მინისტრმა.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა დაშავებულებს ყველა სამედიცინო ხარჯით, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს - კომპენსაციით უზრუნველყოფს.
0
0