26/09/2022
11:30
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩენის შესახებ, საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება.
ამასთან, უწყების ცნობით, მიხეილ ქამხაძის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება.
„2016 წლის 14 აგვისტოს მიხეილ ქამხაძე თავდაცვის ძალებიდან ზღვრული ასაკით დაითხოვეს, მისი პირადი საქმე კი, კანონის დაცვით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ქ.თბილისის გლდანის რაიონული გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში გადაიგზავნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება. ამასთან, მიხეილ ქამხაძის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება. ასევე დგინდება, რომ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ქალაქ ლისიჩანსკში აღმოჩენილ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, გლდანის რაიონის სამხედრო განყოფილებაში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია და აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს მიხეილ ქამხაძის მიერ 2016 წელს პირადად შეგროვებული დოკუმენტების კრებულს, რაც მან გამოკითხვის დროს არ უარყო. საქმის ფარგლებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გავრცელებული დოკუმენტების უმრავლესობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დაცული სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის შემადგენელ დოკუმენტებთან იდენტური არ არის, გარდა დიპლომებისა და სერტიფიკატისა, რომელიც არასაიდუმლოა და მიხეილ ქამხაძის განცხადებით მათი დედნები ინახება მასთან სახლში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, დამატებით დადგინდა, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალები შეიცავს ზოგიერთ ისეთ ცნობას და ინფორმაციას, რაც არასდროს დაფიქსირებულა მიხეილ ქამხაძის სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეში.
„კერძოდ, კადრებში გავრცელებული მიხეილ ქამხაძის ავტობიოგრაფია შეიცავს მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ არსებულ მონაცემებს, რასაც ადასტურებს თავად მიხეილ ქამხაძეც და განმარტავს, რომ აღნიშნული ავტობიოგრაფია მან შეადგინა თავად, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ გამორიცხავს გავრცელებული მასალების დაცულ საქმესთან კავშირს.
ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დგინდება, რომ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ასახული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.
გამოძიების შუალედური შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს საფუძველი ცალსახად განაცხადოს, რომ აღნიშნული კამპანია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება როგორც ქართული სპეცსამსახურის, ისე თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. გამოძიებას საფუძვლად დაედო მედიაში მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გასული სიუჟეტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. გამოძიების საბოლოო შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0