17/02/2022
16:13
საზოგადოება
ვახტანგ სურგულაძის განცხადებით, დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონის ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონა -2 სპეციალიზებულ ზონა 1-ად გადაკეთდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 49 წლით გადაეცა.
მისივე თქმით, ამ ადგილას, რომელსაც მთელი მიკრორაიონის მოსახლეობა დასასვენებლად იყენებდა, ფეხბურთის ფედერაცია სტადიონის აშენებას გეგმავს, რომელსაც მხოლოდ სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები გამოიყენებენ და სხვა მოქალაქეებისათვის ის დახურული იქნება.
„ქალაქის ხელმძღვანელობა და მმართველობა არჩეულია იმისათვის, რომ მოქალაქეების სურვილები გაითვალისწინოს. სტადიონის მშენებლობა ძალიან კარგია, მაგრამ ეს სარეკრეაციო ზონის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
ადგილობრივი მოსახლეობის არაერთი პროტესტის, შესაბამის ორგანოებში გაგზავნილი წერილების, სასამართლოში მოგებული დავების მიუხედავად სარეკრეაციო ზონის ლიკვიდაციის პროცესი არ გაჩერებულა.
ამ ადგილიდან ზუსტად 700 მეტრში არის უზარმაზარი ფართობები სადაც სურვილის შემთხვევაში დინამოს სტადიონის აშენებაც კი შეიძლება, თუმცა, რატომღაც ამოჩემებულია სწორედ ეს ადგილი, სადაც უკვე გაიჩეხა ხეების ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილის გადარგვა არასწორ პერიოდში მოხდა, რის შედეგად ყველა ხე გახმა.
მოსახლეობა ამ ადგილისათვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის დაბრუნებასა და მშენებლობის პროცესის შეწყვეტას სამართლიანად ითხოვს. მოსახლეობას არ სურს ამ ადგილზე არც ბაღების და არც ჩაბეტონებული სკვერების აშენება, მათ გამწვანებული ადგილის შენარჩუნება უნდა“,- განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ პრესკონფერენციაზე, რომელსაც საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებთან ერთად დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში მცხოვრები მოსახლეობაც ესწრებოდა.
0
0