12/08/2022
12:45
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2022 წლის პირველი მარტიდან, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, აქტიურ საინფორმაციო და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებას გეგმავს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
0
0