05/07/2023
15:41
კონფლიქტები
“აფხაზეთში არის დიდი ელექტროსადგურები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით ინვესტიციებს, ისინი აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირებისთვის”. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვიზიტისა და აფხაზეთის დეფაქტო ლიდერთან ასლან ბჟანიასთან და ე.წ. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სოხუმის აეროპორტის აღდგენა არის სუპერ ამოცანა, რომელიც ასლან ბჟანიამ და რუსეთის ხელმძღვანელობამ დაგვიყენეს, რათა უახლოეს მომავალში ჩავატაროთ ღია გამჭვირვალე კონკურსი ინვესტორის მოსაზიდად. ჩვენ ვისაუბრეთ იმის მნიშვნელობაზე, რომ გვქონდეს მკაფიო, გასაგები ხელშეკრულების პროექტი იმ ვალდებულებებთან, რომლებსაც ინვესტორი აკისრებს, რათა ეს არ იყოს მხოლოდ დაპირება, არამედ იყოს კონკრეტული სანქციები, თუ დროულად არ აშენდება. ახლა ამ საქმეს ვაკეთებთ ეკონომიკის სამინისტროსთან და აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად, უახლოეს კვირებში დავწერთ ყველა ამ პუნქტს და შემდეგ სამთავრობათაშორისო კომისია გადახედავს“, - განაცხადა მან.
სოხუმს მიაჩნია, რომ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენა ხელს შეუწყობს აფხაზეთის “ეკონომიკური პოტენციალის” ზრდას.
„აფხაზეთში ელექტროენერგიის სისტემის აღდგენის ღონისძიებების გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანია აეროპორტის ამოქმედება. რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენა, თავის მხრივ, იქნება არა მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტა, არამედ ეკონომიკური პოტენციალის ზრდის ფაქტორიც“ - განაცხადა „აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა“ ალექსანდრე ანქვაბმა.
0
0