25/05/2023
20:21
კონფლიქტები
სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიული კავშირის საბჭოს სხდომაზე.
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა განბლოკოს ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფანი, ასევე გახსნას რეგიონული კომუნიკაციები აზერბაიჯანთან.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ხელმძღვანელმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „არსებობს შესაძლებლობა ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა“. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ.
მოლაპარაკებების შედეგად, „კომერსანტის“ ცნობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურები ხელს მოაწერენ ორ დოკუმენტს: სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ და ალიევის, ფაშინიანის და ვლადიმერ პუტინის ერთობლივ განცხადებას ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარების შესახებ. ასეთ განცხადებას, როგორც გაზეთი აღნიშნავს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებმა მეხუთედ მოაწერეს ხელი.
ორშაბათს, 22 მაისს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის აღიაროს მთიანი ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის შემადგენლობაში, იმ პირობით, რომ ბაქო იქ სომეხი მოსახლეობის უფლებებს გარანტირებს.
0
0