15/11/2024
17:32
საზოგადოება
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე, ჟურნალ “გზისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკურ გეგმებსა და ოჯახზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
…
- ვიდრე პოლიტიკაში მოხვიდოდით, აქტივისტი იყავით. როგორ მიიღეთ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რა შეგიძლიათ შეცვალოთ ქართულ პოლიტიკაში?
- ყველაფერი თავისთავად, ეტაპობრივად მოხდა. მივხვდი, რომ აქტიურ პოლიტიკაში წასვლის დრო მოვიდა და მეც წინასაარჩევნოდ, ხალხთან შეხვედრებს შევუდექი - ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე ათასობით ადამიანს ვხვდებოდი.
შვილები მეწუწუნებოდნენ, - მოგვენატრეო. არადა, მე ვარ დედა, რომელიც აქტიურადაა ჩართული შვილების აღზრდაში, დღის დიდ ნაწილს მათთან ერთად ვატარებდი.
თუმცა, მას შემდეგ, რაც აქტიურ პოლიტიკაში წავედი, ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. სულ ხალხში ვიყავი და ვარ. სწორედ მათთან საუბარი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ "ქართული ოცნების" მოშორება და მათი რუსეთში გასტუმრება გარდაუვალია.
- როგორია თქვენი გეგმა?
- პოლიტიკის გარდა უამრავი საქმე მაქვს, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელსაც ვემსახურები - სამედიცინო სფეროს ვგულისხმობ. "კოვიდის" დროს, ჯანდაცვის სამინისტრო თავის ფუნქციას რომ ვერ ასრულებდა, შევქმენით პროექტი "მედგიდი" და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ...
სოციალური პრობლემების კვალდაკვალ, ქვეყანას ვკარგავთ. ბიძინა ივანიშვილს საქართველო ქართველების გარეშე უნდა; სურს, რომ რუსეთის ნაწილი გავხდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება.
- შვილებზე თქვით, რომ ისინი თქვენი გულშემატკივრები არიან. ახლა, როდესაც მათი დედა რეალურად ჩართულია პოლიტიკაში, რას ამბობენ?
- ამას წინათ, უფროსი შვილი მეუბნებოდა, - დედიკო, მენატრები და მაინცდამაინც სადმე ბაზარში უნდა მოვიდე, რომ გნახოო?.. როგორც გითხარით, ძალიან ბევრს დავდივარ, უამრავ ადამიანს ვხვდები და ვუსმენ, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, თუნდაც შუაღამეს რომ დავბრუნდე შინ, დილით, როდესაც სკოლაში ან ბაღში მიდიან, მე ვაცილებ. სრულიად ჩართული ვარ მათთან ურთიერთობაში. დასავლეთ საქართველოშიც რომ ვიმყოფებოდე, თბილისში ვბრუნდები, რომ შვილები მე დავაძინო და მათთან ვიყო. ამ გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ჩემთვის შვილებთან გასატარებელი დილა და საღამო "წმინდაა". ისინი ძალიან ამაყობენ დედის აქტიურობით. განსაკუთრებით 14 წლის ბიჭი, რომელიც მიყვება, თუ როგორი რეაქციები აქვთ, როდესაც იგებენ, ვისი შვილია: ყოჩაღ, როგორი მამაცია და მთელი ძალისხმევით იბრძვისო.
მაისის აქციების დროს ძირითადად, ჩემთან ერთად იყვნენ. არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ დამიშლია აქციებზე სიარული. როდესაც ვუყურებდი, როგორც ექცეოდნენ სპეცრაზმელები ახალგაზრდებს, მეშინოდა, ვღელავდი, მაგრამ მაინც არ დამიშლია, პირიქით, ვფიქრობ, რომ სამშობლოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლა მათი ვალიც არის.
ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ ვფიქრობ, გავაკეთე ის, რაც გასაკეთებელი იყო და შემდეგშიც ასე მოვიქცევი. მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი ვიბრძოლო ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, რომელსაც საკმაოდ გადავუხვიეთ.
ჟურნალი "გზა"
0
0