02/10/2022
11:23
სამართალი
უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი - 1972 წელს დაბადებული ზ.ს., 1991 წელს დაბადებული ე.ნ., 1995 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ბრალი წარედგინათ: 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.თ.-ს, 1990 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ი. მ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1984 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს - ი.ვ.-ს და 1989 წელს დაბადებულ ბელგიის სამეფოს მოქალაქეს - გ. წ.-ს.
დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ვ.-მ საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას - „pop up-ს“, სადაც კატეგორიული ფორმით, ფრანგულ ენაზე ეწერა, რომ მათი კომპიუტერი დავირუსებული იყო და ხარვეზების გამოსწორებისათვის უნდა დაერეკათ მითითებულ ნომერზე. შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ. მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ კომპიუტერებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემა, რეკავდნენ შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომლითაც სარგებლობდა ზემოხსენებული კომპანია.
მათ პირველ ეტაპზე ესაუბრებოდნენ კომპანიის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ეცნობოდნენ ფრანგული სახელებით, კიდევ უფრო მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას ჰპირდებოდნენ. მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინგადახდის სისტემის გამოყენებით, რომლებთანაც ი.ვ.-ს ჰქონდა დამყარებული კავშირი, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ pop up-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შეჰქმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულებს საერთო ჯამში მიადგათ 767 000 ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.
0
0