13/10/2022
13:52
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა.
„1983 წელს დაბადებული ნ. ჯ. (მეტსახელად „ჯოჯიკა“), 1983 წელს დაბადებული გ. ა. (მეტსახელად „მავნე“) და 1977 წელს დაბადებული ვ. დ. "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და ჯგუფურად ჩადენილი ცემის ბრალდებით არის დაკავებული. ხოლო, 1997 წელს დაბადებული ა.ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის.
გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრი ნ. ჯ. და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი გ.ა., „კანონიერ ქურდ“ ოთარ კვარაცხელიას (მეტსახელად „კიმო“) დავალებით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ბიზნესმენებმა შეწყვიტეს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის თანხის გადახდა, რის გამოც მათ შორის დავა წარმოიშვა.
ბრალდებულებმა, აღნიშნული დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თბილისში მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ - ოთარ კვარაცხელიას ძმა, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ვ.დ.-ც ესწრებოდა.
,,ქურდული გარჩევის“ დროს, ნ.ჯ-მ და ვ.დ.-მ, დაშინებისა და ზემოქმედების მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ მოდავე ბიზნესმენს.
ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრალდებულებმა სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთ თანამფლობელს მოსთხოვეს ამავე კომპანიაში არსებული თავისი წილის ნახევრის ნ. ჯ.-ის სახელზე გადაფორმება, ხოლო მეორე ბიზნესმენს დააკისრეს 54 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ბინის და კომერციული ფართის გადაცემა, რისთვისაც რამდენიმე დღე განუსაზღვრეს.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღი, 8640 აშშ დოლარი, „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა და ნარკოტიკული საშუალება“, - ნათქვამია შსს-მ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ჯგუფურად ჩადენილ ცემის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0