01/09/2023
21:06
კულტურა
"შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო" - Imagine Dragons-ის ვოკალისტმა გუშინ, თბილისში შეკრებილ საზოგადოებას ემოციური სიტყვით მიმართა:
"მიზეზი, რატომაც შემიძლია ახლა სცენაზე დგომა და იმის კეთება, რაც მიყვარს, რატომაც აქ ვარ, არიან ადამიანები, ვინც დამეხმარნენ.
იცოდე, თუკი ახლა თავს მარტოსულად გრძნობ, დეპრესია გიტევს, გგონია, რომ ცხოვრება აღარ ღირს - არ დამარხო ეს ფიქრები შენში, არ დაიტოვო შენთვის;
ესაუბრე ამაზე მეგობრებს, ოჯახს. თუ საშუალება გაქვს, იარე თერაპიაზე. შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო.
გთხოვ, ჩვენთან დარჩი და დამიჯერე - ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, ამას გპირდები. შენ მარტო არ ხარ.
კი, შეიძლება ეს ფიქრები ისევ დაბრუნდნენ ხოლმე.
ჯერ კიდევ ჩემი ცხოვრების ნაწილია, კვლავ მიწევს დეპრესიასთან ბრძოლა, რადგან ის პერიოდულად ბრუნდება.
არ მაქვს კონკრეტული მიზეზი ამისთვის, ვერც ახსნას ვუძებნი, უბრალოდ ეს ფიქრები სულ აქ არიან. მაგრამ გთხოვ, დარჩი ჩემთან, იცოცხლე, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ესაა და ეს. დარჩი ჩვენთან!" - ამ ემოციური სიტყვით მიმართა Imagine Dragons-ის ვოკალისტმა, დენ რეინოლდსმა თბილისში შეკრებილ მელომანებს.
Imagine Dragons-ის გრანდიოზულმა კონცერტმა, თბილისში წუხელ ანშლაგით ჩაიარა. მსოფლიოში პოპულარული ამერიკული ჯგუფის მოსასმენად, მიხეილ მესხის სტადიონზე 30 000 მელომანი შეგროვდა. 4 გრემის მფლობელმა პოპ-როკ ბენდმა ცნობილი ჰიტები, ქართველი მსმენელისთვის თავისი ხუთივე ალბომიდან შეასრულა. კონცერტზე დამსწრეთა უსაფრთხოებას, რამდენიმე ათასი პოლიციელი იცავდა.
Imagine Dragons-ი საქართველოს მეხუთე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში პირველად ეწვია. შეკვეთილიდან თბილისში 35-მდე ტრაილერით, სპეციალურად „ბლექ სი არენას“ ახალი სცენა ჩამოიტანეს. პრემიერის მიერ ინიცირებული პროექტის „სთარინგ ჯორჯიას“ დაფინანსების ფარგლებში შეძენილი სცენით, განათებისა და გახმოვანების მძლავრი სისტემებით, საქართველო რეგიონში ერთადერთია.
0
0