23/09/2024
09:29
მსოფლიო
რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. როგორც TASS წერს, ოთხივე გარდაცვლილი ბავშვია.
არსებული ცნობით, სოფელ კრასნაია სოპკაში მცხოვრებმა ოჯახმა მედიკოსებს 21 სექტემბერს მიმართა საკვებით მოწამვლის ჩივილებით.
„ექიმებმა მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ შეაფასეს. დაზარალებულები რეანიმაციაში მოათავსეს. მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, ძლიერი მოწამვლის შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი დაიღუპა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსული მედიის ცნობით, დაღუპული არიან 6, 11, 12 და 13 წლის ბავშვები.
როგორც TASS წერს, მათი მშობლები კრასნოიარსკის საავადმყოფოში იმყოფებიან.
„ორი დღის შემდეგ, ორივე მათგანი გონზე მოვიდა. გარდაცვლილი ბავშვების დედა ცხრა თვის ორსულია. ექიმების თქმით, ნაყოფს საფრთხე საფრთხე არ ემუქრება“, - წერს გამოცემა.
გამომძიებლების ცნობით, 20 სექტემბერს ქალმა სადილად მოამზადა ადგილობრივი, Olympus-ის მაღაზიაში შეძენილი ქათამი და პელმენი.
Rosselkhoznadzor-ის ცნობით, მაღაზიაში პროდუქციის ძირითადი ნაწილი ვეტერინარული თანმხლები დოკუმენტების გარეშე იყო შეტანილი.
ექსპერტიზის მიხედვით, მოწამვლის მიზეზი ტოქსიკური ნივთიერება გახდა. კონკრეტულად რომელ ნივთიერებაზეა საუბარი, დამატებითი კვლევების შედეგად უნდა გახდეს ცნობილი.
არსებული ცნობით, სამართალდამცველებმა სახლიდან სასუქის პესტიციდები და პირუტყვისთვის განკუთვნილი ანტიბიოტიკები ამოიღეს.
მომხდარზე საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 238 მუხლით აღიძრა, რაც წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირების წესების დარღვევას, ანაც ისეთი საქონლისა და პროდუქტების გაყიდვას გულისხმობს, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.
0
0