24/09/2024
15:17
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.
აღსანიშნავია, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო 7 თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 31 ფაქტი (ვალუტა - აშშ დოლარი, რუბლი, ევრო).
საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, ტრანსპორტით მომსახურებაზე) რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, 18 მეწარმე სუბიექტს შეეფარდა გაფრთხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153⁷-მუხლის შესაბამისად, ხოლო 13 პირი ამავე კოდექსის 153⁷ და 1531 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 8200 ლარის ოდენობით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
0
0