21/08/2022
10:44
სამართალი
ახალი ამბავი მომივიდა, რომ შეიძლება ჩემი შვილის გადარჩენა - არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი და თუ ვინმეს შეუძლია დამეხმაროს, ვთხოვ, დამეხმარონ,- ამის შესახებ დაჭრილი პატიმრის დედამ, ნათია შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, შენგელიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების არ სჯერა.
"სიმართლედ არ მივიჩნევ. სხვანაირი ბავშვია, არც თავისმომკვლელი იყო და არც იმის არ მჯერა, რომ წინააღმდეგობა შეეძლო. თუ ძალით არ გააღიზიანეს და ძალით არ გაუკეთეს რაღაც, არაფრის გამკეთებელი და დამშავებელი არ იყო“, - განაცხადა პატიმრის დედამ.
შეგახსენებთ, რომ დაჭრილი პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ პატიმარს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. როგორც ჟურნალისტებს პატიმრის დედამ განუცხადა, პატიმრობაში მყოფი მისი შვილი გლდანის ციხიდან თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა დღეს განუცხადეს, რომ მის შვილს თავში ჭრილობა აღენიშნება.
ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებულია შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებულია გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.
გამოძიების ინფორმაციით, პატიმარი უკნიდან მიეპარა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ამოაცალა იარაღი, გაისროლა და შემდეგ თავის არეში მიიყენა დაზიანება.
0
0