21/11/2024
18:01
მსოფლიო
გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ 2024 წელს მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ამის შესახებ მან გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ 2024 წელს ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ზუსტად მივიჩნიოთ, რომ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, რადგან 2024 წელს უკრაინის წინაშე უკვე აღარ დგას მხოლოდ რუსეთი. უკრაინის წინაშე დგანან სამხედროები ჩრდილოეთ კორეიდან. მოდით გულწრფელად ვთქვათ, უკრაინაში უკვე აბსოლუტურად ღიად, ურცხვად სამოქალაქო პირებს ხოცავენ ირანული „შაჰედები“. უკრაინის მიმართულებით უკვე მიფრინავენ ჩრდილოკორეული წარმოების რაკეტები და ისინი ამის შესახებ ღიად აცხადებენ. უკრაინაში ჩინური ჭურვები ფეთქდება, რუსების რაკეტებში გამოყენებულია ჩინური დეტალები“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
ვალერი ზალუჟნის აზრით, სამხედროების უმრავლესობა დაეთანხმება, რომ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის საფუძველზე შესაძლებელია იმის თქმა, რომ მსოფლიო ომი დაწყებულია და მსოფლიო უნდა მოემზადოს ამისთვის.
„ის, რასაც ასე დიდხანს ელოდნენ, უკვე დაწყებულია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ თავად ღმერთი აძლევს შანს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ მოასწრონ სწორი დასკვნების გაკეთება. ჯერ კიდევ შესაძლებელია ყველაფრის აქ, უკრაინის ტერიტორიაზე შეჩერება. თუმცა რატომღაც ჩვენს პარტნიორებს ამის გაგება არ სურთ. აშკარაა, რომ უკრაინას უკვე ზედმეტად ბევრი მტერი ჰყავს. ტექნოლოგიების დახმარებით უკრაინა გადარჩება, თუმცა უცნობია, შეძლებს თუ არა ის ამ ბრძოლაში დამოუკიდებლად გამარჯვებას“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
0
0