23/05/2023
15:40
სპორტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და ნაკრების წევრებს პარლამენტში უმასპინძლა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სპორტსმენებს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ისტორიული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი სპორტის წახალისების და ახალგაზრდობის ჩართულობის მიმართულებით ძიუდოს ფედერაციასთან ერთად გეგმავს.
„მიხარია, რომ პირადად გავიცანი ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტები. ვისაუბრეთ მათი, როგორც სპორტსმენების და ჩემი, როგორც გულშემატკივრის ემოციებზე ბოლო ჩემპიონატიდან. მნიშვნელოვანია, მათი წარმატება არა მხოლოდ, როგორც მათი პირადი მიღწევის, არამედ, როგორც ქვეყნის სახელის გატანის და ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითის მიცემის მხრივ.
ვისაუბრეთ, რა შეიძლება, გააკეთოს პარლამენტმა, რომ ძიუდო და ზოგადად, სპორტი კიდევ უფრო წახალისდეს და მოხდეს ახალგაზრდობის ჩართვა სპორტში. გავცვალეთ აზრები და კომიტეტთან და ფედერაციასთან ერთად ამ საკითხებზე გავაგრძელებთ მუშაობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0