09/02/2022
12:19
საზოგადოება
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ სასწავლო ცენტრში ტრენინგების გავლა შეეძლებათ სტუდენტებს, რეგულირებადი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ტრენინგები ჩატარდება ენერგეტიკის სექტორში არსებული ახალი საკანონმდებლო ბაზის, კომისიის ნორმატიული აქტების შემუშავების პრინციპების, სატარიფო პოლიტიკის, სამართლებრივი და ეკონომიკური მიზნების, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის, ახალი ბაზრის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ცენტრის დაფუძნება. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სემეკს მიენიჭა საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება. შესაბამისად, დავაარსეთ ბატონი ელიზბარ ერისთავის, აკადემიკოსის, სემეკის პირველი თავმჯდომარის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი. სასწავლო ცენტრის საქმიანობა განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პროცესში. სემეკს დღეისათვის გააჩნია კვალიფიციური ცოდნა არსებული საკვანძო საკითხების შესახებ. გარდა ამისა, სემეკის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის. კომისიისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა სასწავლო ცენტრის ფარგლებში მიღებული ცოდნა გამოიყენონ შემდგომ საქმიანობაში. სასწავლო ცენტრის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკული თემატიკის, ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სასკოლო ასაკის ბავშვებში,“ - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ.
სასწავლო ცენტრს უხელმძღვანელებს ნუგზარ ბერიძე. იგი არის ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პატენტისა და საავტორო მოწმობის ავტორი. სხვადასხვა პერიოდში ნუგზარ ბერიძე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძისა და ქუთაისის „აკაკი წერეთლის“ უნივერსიტეტებში. 1996-2006 წლებში აგრარულ უნივერსიტეტში იგი იყო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის დირექტორი. ნუგზარ ბერიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტს.
0
0