06/07/2023
15:50
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო, 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიებს დაევალათ დაკისრებული ჯარიმების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, სემეკში შექმნილმა მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა განახორციელა სს „ თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) მაჩვენებლების კონტროლი. კერძოდ, შეისწავლა კომპანიების მიერ 2022 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაცია - ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მომარაგების საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი). შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2022 წელს 2021 წელთან შედარებით იყო გაუარესებული. ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ იყო სრულად ასახული ინფორმაცია.
სს „თელასსა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაევალათ ელექტროენერგიის საიმედოობის 2022 წლის მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების ანალიზისა და მათი გამოსწორების გეგმა-გრაფიკის კომისიაში წარმოდგენა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე.
0
0