28/02/2024
17:34
ეკონომიკა
თანამედროვე სამყაროში, სადაც ინოვაციები ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს ინოვაციას კი ხელოვნური ინტელექტის შექმნა წარმოადგენს, რომელმაც ორგანიზაციებს შესაძლებლობა მისცა გარკვეული საქმიანი პროცესი უმარტივესად, დროისა და სხვა რესურსების ოპტიმიზაციით განახორციელოს.
იქიდან გამომდინარე, რომ სემეკი წლების განმავლობაში სიახლეებსა და ინოვაციების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს, ხელოვნური ინტელექტის მომსახურებაში ჩაშვებაც ამ გზის ლოგიკური გაგრძელებაა. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განმარტებით, საწყის ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი მომსახურების მიმართულებით დაინერგება, რომლის ფარგლებშიც გამარტივდება როგორც მომხმარებელთან ურთიერთობის, ისე კომუნალური სერვისების მიღების პროცესი.
„საწყის ეტაპზე სემეკის მიზანია, ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს საინფორმაციო ნაწილში, უფრო კონკრეტულად კი ცხელ ხაზებში. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საინფორმაციო ნაწილში ხანდახან ვაწყდებით გადატვირთულობას, რისი გამოსწორებაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუკი წყალმომარაგების ქსელი გამოვიდა მწყობრიდან. ამ დროს ყველა ერთდროულად რეკავს ცხელ ხაზზე, რაც გადატვირთულობის ალბათობას ზრდის. მარეგულირებელი კომისიის აზრით, ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს გამოყენებული სწორედ ასეთ პერიოდში ცხელ ხაზებში, სადაც მომხმარებლის დარეკვის შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად გასცემს პასუხს, თუ რა ავარიაა და როდის იქნება აღმოფხვრილი“. - აცხადებს დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარე ასევე განმარტავს, რომ ეს იქნება საწყისი ნაბიჯები, რომელსაც ეტაპობრივად სხვადასხვა მიმართულებითაც მოჰყვება ხელოვნური ინტელექტის დანერგვა.
„ამ ეტაპზე ვიწყებთ მომსახურების მიმართულებით და შემდეგ უკვე ეტაპობრივად დავნერგავთ იქ, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გაამარტივებს ურთიერთობას და მეორეს მხრივ ადამიანის რთულ შრომას ჩაანაცვლებს. აღნიშნულ პროცესში ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ მსხვილ კომუნალურ კომპანიებზე GWP, თელასი, ენერგო პრო, ასევე გაზის კომუნალური კომპანიები და სხვა. საწყისი ეტაპი უკვე მიმდინარეობს, შესაბამისად დაიწყო ხელოვნურ ინტელექტში საჭირო ინფორმაციის ჩატვირთვა, რომელიც შემდგომ პრაქტიკაში უნდა განაზოგადოს და მომხმარებლებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია“. - აღნიშნავს დავით ნარმანია.
წყარო: energynews.ge
0
0