29/04/2024
11:14
სამართალი
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა 28 აპრილის საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, დაკავებული პირები მოინახულეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის მანძილზე ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს.
მათივე ინფორმაციით, აპარატის თანამშრომლებმა აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილიც მოინახულეს, რომელსაც მათი თქმით, ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.
„სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის მანძილზე ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნული დათვალიერებით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, - წერია ინფორმაციაში.
0
0