06/09/2024
11:09
სპორტი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ბათუმში მოლდოვასთან ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპის მოგებულ შეხვედრაზე (3:0) და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი შედეგს შემდეგ მატჩში ნიდერლანდებთანაც მიაღწევს.
„მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ამიტომ მოლდოვასთან მოგება ჩვენთვის ფასეული იყო. უპირველესად, სწორედ ეს მახარებს. ამას ისიც ემატება, რომ თამაშის დიდი ნაწილი შეტევებში გავატარეთ, კომბინაციური ფეხბურთი ვაჩვენეთ და ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ. ეს ყველაფერი მახარებს.
რაც შეეხება ნიდერლანდებთან მეორე თამაშს, ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება. მაგრამ ბიჭებს ვესაუბრე და ვფიქრობ, რომ ამ მატჩისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, შანსები გვექნება და ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. რაც შეეხება სამომავლო იმედებს – სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს.
ყველაზე მთავარი რაც არის, ჩვენ თავიდანვე მიზნად გვქონდა, რომ შესარჩევი ციკლის ბოლომდე ბრძოლაში ვყოფილიყავით. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულდება, მაგრამ ეს უკვე გუშინდელი დღეა, ჩვენ კი ყოველთვის წინ ვიყურებით და ამიტომ ნიდერლანდების თამაშს იმედით ველოდებით.
მადლობა გულშემატკივარს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს. მატჩამდეც აღვნიშნე, რომ მათ თანადგომას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამენ და წნეხის ქვეშ თამაშს ეჩვევიან. დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში კიდევ მეტი გულშემატკივარი გვეყოლება“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან ვენლოში 9 სექტემბერს გამართავს.
0
0