21/03/2024
17:23
მედიცინა
ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტი საქართველოშიც აქტუალური ხდება. ერთ-ერთ ასეთ პროექტზე მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია მუშაობს.
ლაბორატორიის დამფუძნებლის რატი სხირტლაძის განმარტებით, საუბარია პროდუქტზე Speech To Text, რომელიც ხმის ტექსტად ტრანსფორმაციას გულისხმობს და რომლის „გაქართულებაზე“ მუშაობა დაწყებულია.
„ესაა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი მედიცინაში, რადგან ექიმები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ დოკუმენტაციის შედგენაში. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ექიმებისა და ექთნების დროის 50%-ზე მეტი სწორედ დოკუმენტაციის შევსებას მიაქვს. როცა ჰკითხეს, რა შეუმსუბუქებდა სამუშაოს და რა გაზრდიდა მათ შრომის ნაყოფიერებას, მათ თქვეს, რომ სურთ დოკუმენტაციის პროცესის ჩამოშორება, რის შემდეგაც გაცილებით ბევრ პაციენტს მოემსახურებოდნენ. სწორედ ამიტომ დაიწყო Speech To Text-ის აქტიური გამოყენება მედიცინაში. ამასთან, რასაც ექიმები აკეთებენ, მაგალითად ფორმა 100, ამ დოკუმენტაციის დიდი ნაწილი ნარატიულია, რასაც, გინდა-არ გინდა, სჭირდება წერა, ფიქრი, გრამატიკულად გამართვა და ა.შ.“ - აღნიშნავს რატი სხირტლაძე და განმარტავს, რომ სისტემა უნდა იყოს ქართულ ტერმინოლოგიაზე მორგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ შეცდომას დაუშვებს, რომელთა შესწორებას დიდი დრო დასჭირდება.
„ვამუშავებთ როგორც სამედიცინო ლექსიკონებს, ისე უამრავ ფორმა-100-ს - რა თქმა უნდა ანონიმიზირებულს. ვიწყებთ სამედიცინო წიგნების დამუშავებას. ჩაფიძის კლინიკაში დავიწყეთ ტესტირება და ექიმები ძალიან დიდი ენთუზიაზმით არიან ამაში ჩართულები,“- აღნიშნა სხირტლაძემ.
0
0