11/07/2022
17:33
ეკონომიკა
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა.
ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია “შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია “ბლოკ ენერჯი”, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI (B) ბლოკებიდან რესურსების მოპოვების უფლების მფლობელია.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროს გიორგი ტატიშვილის განცხადებით, სალიცენზიო ბლოკი ჰორიზონტალურ ბურღვებს საჭიროებს, ამასთან, მისი ათვისების პირობებში, ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება.
“ბლოკ ენერჯი" ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, შლუმბერჟეს გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად.
ბლოკ ენერჯი უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს "ბლოკ ენერჯი", რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. "ბლოკ ენერჯის" აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება,” - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
0
0