18/05/2024
11:00
კულტურა
საქართველოსა და ყაზახეთს შორის კინოინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კობა ხუბუნაიამ და ყაზახური „ეროვნული კინოს მხარდაჭერის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ, კურმანბეკ ჯუმაგალიმ კანის კინობაზრობის ქართულ პავილიონში მოაწერეს.
აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერისთვის მზადყოფნა ყაზახეთმა 2022 წელს გამოხატა.
მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, კინოინდუსტრიის მიმართულებით თანამშრომლობის წახალისების მიზნით, კინოცენტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ პროდიუსერებს, მონაწილეობა მიიღონ ყაზახური კინოფონდების კოპროდუქციის კონკურსებში. ასევე, ყაზახ რეჟისორებსა თუ პროდიუსერებს შესაძლებლობა ექნებათ, იპოვონ ქართველი პარტნიორები და მონაწილეობა მიიღონ ეროვნული კინოცენტრის კონკურსებში. შეთანხმების თანახმად, შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსები, რომელთა მიზანი მხოლოდ საქართველო-ყაზახეთის კოპროდუქციის წახალისება იქნება. ასევე, ეს შეთანხმება წაახალისებს საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას; გამოცდილების გაზიარების მიზნით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიების გამართვა; ხელი შეეწყობა ფილმების დისტრიბუციას.
საგულისხმოა, რომ ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული“, რომელიც 2014 წელს ყაზახეთთან პარტნიორობით შეიქმნა და ყაზახებთან თანამშრომლობით გადაღებული რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალმათის კინოფესტივალზე ქართული ფილმების წარმატება.
ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს შუა აზიის ქვეყნებში ქართული ფილმების პოპულარიზაციას და ერთობლივი კინოფილმების შექმნას.
შეგახსენებთ, 14-25 მაისს კანი მასპინძლობს 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პავილიონით მონაწილეობს. ეროვნული კინოცენტრის დელეგაციას კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს.
დელეგაციის წევრებს შორის არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც კინოსფეროს წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0