12/11/2024
14:12
პოლიტიკა
საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია და ჩვენ ამას ვხედავთ,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ უკავშირებენ პარტნიორები ე.წ. ლგბტ პროპაგანდისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს საქართველოს ევროპულ მომავალს და შეიძლება თუ არა ეს ერთგვარ შანტაჟის ენად ჩაითვალოს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მიზანია, ხელისუფლებაში „აგენტურა“ ჰყავდეთ, რათა დავალებები კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ.
„ეს ყველაფერი ხომ საბაბია?! მათი სურვილია, ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, თუნდაც გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათ უნდათ, რომ ხელისუფლებაში „აგენტურა“ ჰყავდეთ, რასაც ეტყვიან და დაავალებენ, კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ. ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა განმარტა, თუ რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონები. კალაძის განცხადებით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამიანების დაყოფას, თუმცა მიაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია.
„გამჭვირვალობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს. როდესაც ჩვენ დავიწყეთ აღნიშნულ კანონზე მუშაობა, ამას თავისი წინაპირობები ჰქონდა, იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავდით გარედან დაფინანსებით ხდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ რეალურად, უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, ვისგან იღებენ ამ თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. თუკი არ იქნება იგივე რევოლუციის დაფინანსება, არ იქნება მტრული განწყობები, მტრული რიტორიკა, არ იქნება საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, რევოლუციის მოწყობის მცდელობა, მაშინ აღნიშნული კანონიც აზრს კარგავს.
რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, ქვეყანაში ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად, ვინ როგორია. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ვინ, რა სარწმუნოების, რა ორიენტაციისა, ყველას უფლებები არის დაცული. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ადამიანების დაყოფას. რაღაც ტერმინი აქვთ - „უმცირესობა“. არანაირი უმცირესობა არ არსებობს. ჩვენ ყველანი ადამიანები ვარ, ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია, ზოგი ქერაა, ზოგი შავგვრემანი, ზოგს სხვა სარწმუნოება აქვს, თუნდაც სხვა ორიენტაცია. ეს მისი უფლებაა. არავის აქვს იმის უფლება, რომ ეს ყველაფერი განსაჯოს, მაგრამ ამის სააშკარაოზე გამოტანა, პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია ბავშვებში ამ ყველაფრის პროპაგანდა. შესაბამისად, აღნიშნული კანონიც არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, თუ დააკვირდებით, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, თუნდაც ამ მიმართულებით იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა ის განწყობები, რასაც თუნდაც აშშ-ი, ბევრ ევროპულ ქვეყანაშია და ბევრი რამ შეიცვლება. საინტერესო პროცესები იქნება“,-განაცხადა კალაძემ.
0
0