16/11/2024
22:59
სპორტი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაის 2024-25 წლების გათამაშებაში უკრაინას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
„ბ“ დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრას „ბათუმი-არენა“ რთულ ვითარებაში შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის საფარს საგანგებოდ ამ მატჩისთვის ამზადებდნენ, გადაუღებელმა წვიმამ თავისი დაღი დაასვა და ბურთის გაგორება ჭირდა.
ალბანეთთან წაგების შემდეგ ვილი სანიოლმა სათამაშო სქემა ისევ 3 მცველზე გადააწყო. გიორგი გველესიანი საბა კვირკველიამ ჩაანაცვლა, დისკვალიფიცირებული ლაშა დვალი – ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც მარცხენა ფლანგზე ლევან შენგელიამ შეცვლა, ხოლო ბოლო პერიოდში პირველად, შეტევაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძე ვიხილეთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ კი სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო – ბუდუ ზივზივაძის და ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმების შემდეგ სტუმრები გოლს გადარჩნენ. თუმცა, ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს. კონტრშეტევაზე მიხაილო მუდრიკის გადაცემის მოგერიებისას საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს მე-7 წუთზე მოხდა და უკრაინელებმა საყვარელი ტაქტიკით, დაცვიდან განაგრძეს თამაში – კონტრშეტევას მხოლოდ ეპიზოდურად ახორციელებდნენ.
ვილი სანიოლის გუნდი ბურთს ფლობდა, სერგეი რებროვის გაწვრთნილები კი თავს იცავდნენ და სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ეს უკრაინისთვის სასურველი თამაში იყო, რომლის მსგავსიც პოზნანის მატჩშიც ვიხილეთ და სამწუხაროდ, თავიდან ვერც ახლა ავირიდეთ.
შესვენების შემდეგ სანიოლი შეტევის გამოცოცხლებას შეეცადა და მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი შეუშვა. „სენტ-ეტიენის“ ქართველ ლიდერს შესველისთანავე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ახლოდან კარს ააცილა.
„ნაპოლის“ ქართველი ფორვარდი მეტად აქტიურობდა, თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და გამწვავებას ცდილობდა, 62-ე წუთზე კი ბურთი ძელს მოარტყა. 66-ე წუთზე ქოჩორაშვილი უკრაინელთა მცველს საჯარიმოში შეეჯახა და გულშემატკივარი პენალტის დანიშნვნას ელოდა, მაგრამ ინგლისელმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა.
მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წამში ანგარიშის გათანაბრება გიორგი მიქაუტაძესაც შეეძლო და შანსით ვერ ისარგებლა. თუმცა, 76-ე წუთზე „ლიონის“ თავდამსხმელმა მიზანს მაინც მიაღწია. კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარში ქოჩორაშილმა დაარტყა – მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ მიქაუტაძემ დამატებაზე ზუსტად ითამაშა და ქართველი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა 1:1.
ასე და ამგვარად, საქართველოსა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა. ყველაფერი მომდევნო ტურში გადაწყდება – 19 ნოემბერს საქართველო ჩეხეთს ესტუმრება.
0
0