15/10/2024
11:43
საზოგადოება
სამი დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე, რომელიც საქართველოში ტურისტის სტატუსით იმყოფება, ქართლის დედასთან დაწერილ წარწერას Fuck russia შლის და რუსეთის დროშას ხატავს. კაცს ჭრელი ზედატანი აცვია, წარწერით Russia.
ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც ვანდალური ფაქტი ჩაიდინა
მუსიკოსი გარეგინ იგივე Gariko მოვსისიანი, როსტოვიდან არის და რუსეთის მოქალაქეა. ვიდეოში, სადაც ჩანს, როგორ ხატავს ის რუსეთის დროშას, ისმის, როგორ მოიხსენიებს რუსეთს დედად და მუქარის ტონით აცხადებს, რომ „ვისაც რუსეთი არ მოეწონება, ტანკით გადაუვლის“.
ქართულ სოციალურ ქსელებში მის ქმედებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მოქალაქეები წერდნენ, რომ პოლიცია აუცილებლად უნდა ჩაერიოს და დააპატიმრონ რუსეთის მოქალაქე. აღნიშნულ ვიდეოსთან ერთად მომხმარებლები აზიარებდნენ კიდევ ერთ ვიდეოს, რომელიც ასევე თბილისშია გადაღებული და მოვსისიანი დანით ხელში მღერის.
სკანდალის შემდეგ გარეგინმა საქართველო დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძმის ქორწილის გამო მიიღო და სოციალური ქსელში ატეხილ სკანდალს არ გაჰქცევია. მისი თქმით, "თბილისში ძმები და დები ჰყავს" და უახლოეს მომავალში დაბრუნებას აპირებს.
მუსიკოსი ცნობილი TikTok-ის საშუალები გახდა, სადაც მას 900 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. თუმცა სოციალურ ქსელში ანგარიშები ერთი დღით დახურა.
„საქართველოდან წავედი, მოგვიანებით ყველაფერს მოგიყვებით“ - დაწერა სოციალურ ქსელში. რუსი მომღერლის ინსტაგრამის გვერდი (103 ათასი გამომწერით) 13 ოქტომბერს გაუქმდა, ხოლო 14 ოქტომბერს აღდგა, თუმცა იქ პოსტებს ან ვიდეოებს საქართველოდან ვეღარ ნახავთ.
"თბილისში ჩემი ძმები და დები არიან. მე არ წამოვსულვარ იმის გამო, რომ ჩემზე ძებნა მიმდინარეობს. მალე დავბრუნდები და ვნახოთ, რა იქნება. ნებისმიერ მათგანს პირისპირ შევხვდები, ვინც ჩემზე ცუდს ამბობს,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება მის TikTok-ანგარიშს (945 ათასი გამომწერით), ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ვიდეო, რომელშიც ჩანს წარწერა „F*** Russia“, თუმცა მისი გადაღების კადრები არა.
სამშობლოში ჩასული გარეგინი სოციალურ ქსელში სთორებს აქვეყნებს და წერს: „ქალაქი ქამელეონი წამში იცვლის თავის შეფერილობას. ნამძინარევი ტვერსკაია ისევ ქვეშ გვეფინება...“ - მის ზურგს უკან ჩანს კაფე, რუსული წარწერით - ქართული სამზარეულო.
0
0