30/06/2024
10:34
სპორტი
დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დღეა – გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს ორი იბერიის, აღმოსავლეთის და დასავლეთის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან. ევრო 2024-ის 1/8 ფინალში საქართველო ნაკრები 30 ივნისს კიოლნში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი 22:50 საათიდან შემოგთავაზებთ, ხოლო საქართველოს რადიო (FM 102,3) – რადიორეპორაჟს.
მექვაბიშვილის გარეშე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში კვლავ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართა. 29 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მაგრამ სამატჩო განაცხადში 25 ფეხბურთელი იქნება. ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ანზორ მექვაბიშვილი გამოტოვებს.
ინგლისური გამოცემა standard-ის შეფასებით, ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, რადგან ფიფა-ს რეიტინგში ბევრად წინ მყოფი პორტუგალია დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა.
ცხადია, იგივეს გამეორება ესპანეთის ნაკრებთან, რომელიც მერვედფინალში ქულის დაუკარგავად გავიდა, ურთულესი იქნება. მაგრამ ჩვენი უნდი უიმედოდ არ არის. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ესპანეთი ერთხელ უკვე დაამარცხა.
სხვაგვარი თამაშის მოლოდინი
ბოლოს ეს ნაკრებები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შეხვდნენ – თბილისში ესპანელებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დაგვამარცხეს (1:7), ხოლო საშინაო მატჩი 3:1 მოიგეს.
თუმცა, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შესანიშნავი თამაში და განსაკუთრებით პორტუგალიასთან გამარჯვება (2:0) ესპანელებს აფიქრებს, რომ ახლა საქმე გაცილებით გაურთულდებათ. თუმცა, ცხადია, „ფურია როხა“ ფავორიტია.
ესპანელები
„ლა როხამ“ მოიგო ყველა თამაში რთულ B ჯგუფში და არც ერთი გოლი არ გაუშვია. ახლა ესპანელებს მოუწევთ სიმშვიდის შენარჩუნება მეომარ ქართველებთან, რათა მეოთხედფინალში მასპინძლებთან ითამაშონ.
ლუის დე ლა ფუენტემ ათი ცვლილება შეიტანა სასტარტო 11-ში ალბანეთთან 1:0 მოგებულ მატჩში. ნაჩო ფერნანდესი და აიოზე პერესი ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობენ.
ქომაგების მსვლელობა
30 ივნისს, 16:00 საათიდან ესპანეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე, კიოლნში, Josef-Lammerting-Allee-ზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბებიან. სტადიონისკენ მსვლელობა 18:30 საათიდან დაიწყება. ცხადია, გერმანიის დროით.
მსვლლეობის მარშუტი იხილეთ აქ.
ფრანგი არბიტრი
გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს რომელიც კიოლნის „რეინ ენერჯი სტადიონზე“ გაიმარტება, ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება. უეფა-მ გადაწყვეტილება თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე მოუგო – „ჯვაროსნებმა“ ხეტაფეში გამართულ შეხვედრაში სენსაცია მოახდინეს და თორნიკე ოქრიაშვილის გოლით ფავოროტს 1:0 სძლიეს.
0
0