23/09/2024
10:29
პოლიტიკა
მერაბ კოსტავას, გიგა ოთხოზორიას სამშობლოდან, სამეგრელოს გულიდან, ზუგდიდიდან კიდევ ერთხელ მინდა, გავაგონო აკვარიუმით მოძრავ ივანიშვილს ჩვენი ხმა – სამეგრელო ბოდიშს არ იხდის, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის! 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ზუგდიდში განაცხადა.
„სწორედ სამეგრელოდა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წალენჯიხიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ისტორიაში მოუტანა ყველაზე დიდი წინსვლა და ყველაზე დიდი აღმშენებლობა 2003 წლის შემდეგ. ზუსტად ეს აშინებს ივანიშვილს, ზუსტად ის აშინებს, რომ იცის თუ როგორი გაუტეხელი, მამაცი, ერთგული, თავისუფლების მოყვარეა მეგრელი ხალხი, როგორი თავისუფლების მოყვარეა სამეგრელო. ივანიშვილის ამ შიშის გამოვლინება იყო ზუსტად ცოტახნის წინ ზუგდიდში თავდასხმა ჩვენს მხარდამჭერებზე – ანი წითლიძეზე, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებზე. დიახ, ეს იყო ივანიშვილის „ქართული ოცნების“ შიშის გამოვლინება მაშინ ,როდესაც ჩვენი მხარდამჭერები ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ ზუგდიდში, საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, ჩვენს პროგრამას თუ როგორი იქნება საქართველო მას შემდეგ, რაც მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული წევრი. ამ დროს აკვარიუმით მოსიარულე დამფრთხალი ივანიშვილი, რომელსაც გარწმუნებთ, რომ სულ მალე ამერიკული ფინანსური სანქციები ელოდება, ცდილობს საქართველოს უახლეს ისტორიის რუსულად გადაწერას და ქართველ ხალხს ოკუპანტის წინაშე ბოდიშის მოხდას სთხოვს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუპოვა. საქართველოს მესამ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, რომელსაც სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვის გამო რუსული რეჟიმი დღეს დევნის.
მერაბ კოსტავას, გიგა ოთხოზორიას სამშობლოდან, სამეგრელოს გულიდან, ზუგდიდიდან კიდევ ერთხელ მინდა, გავაგონო ივანიშვილს ჩვენი ხმა – სამეგრელო ბოდიშს არ იხდის, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის! 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც საქართველო დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე ისინი გახსნიან მოლაპარაკებებს ევროკავშირთან.
0
0