12/10/2024
00:52
სპორტი
უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას შეხვდა და მიხაილო მუდრიკის გოლით 0:1 დამარცხდა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კი ჯერ ჩეხეთს 4:1 მოუგო, ხოლო შემდეგ ალბანეთს 1:0 სძლია და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა.
მატჩის დასაწყისში პოზნანის სტადიონზე განათების პრობლემა შეიქმნა და შეხვედრა დროებით შეჩერდა. უკრაინელებს მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ, პირველ ნომრად თამაშობდნენ და 35-ე წუთზე მიზანს მიაღწიეს, დასარტყმელ პოზიციაზე მიხაილო მუდრიკი გავიდა და გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმში პირველი რეალური საგოლე მომენტი (52-ე წუთზე) გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა. შორეული გადაცემის შემდეგ მცველს კარგად დაუდგა, გაცდა და კარში დაარტყა, მაგრამ ბადე მხოლოდ გარედან შეარხია. უკრაინელებმა მალე საპასუხო შეტევა განახორციელეს და მიხაილო მუდრიკის დარტყმული ბურთი გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.
ვილი სანიოლმა მატჩის გადასარჩენად ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად – უფრო შემტევი ლევან შენგელია, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი შეიყვანა. ასევე თამაშში ჩაერთო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც გიორგი გველესიანი შეცვალა.
ჩვენი გუნდი დიდი ძალებით უტევდა, ხვიჩა კვარცხელიას და ლევან შენგელიას მომენტები უშედეგოდ დასრულდა. სამაგიეროდ, ზუსტი გამოდგა ზურიკო დავითაშვილის დარტყმა, მაგრამ ეს სიხარული წამიერი იყო – გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და მისი გოლი გაუქმდა.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა. 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა და ჩეხებს (6) დამტებითი მაჩვენებლებით ასწრებს.
საქართველოს პირველი არხი
0
0