13/09/2022
16:26
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის 30 წლის იუბილეზე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ხდება, – ამის შესახებ აცხადებენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი პარტნიორობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რომელიც ოფიციალურად 1992 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში ამბობენ, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მალევე გახდა მსოფლიო ბანკის წევრი და მას შემდეგ, მჭიდრო თანამშრომლობის სამი ათწლეულის განმავლობაში, ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ტრანსფორმაციული განვითარების პროცესში.
„პარტნიორობის მწიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ საქართველო დღეს ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA-ს), როგორც დონორი სახელმწიფო. ქვეყნის სახელით შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, დღეს გამართულ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. საქართველოსა და მსოფლიო ბანკისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, თბილისს 13 სექტემბერს ეწვია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე. მან მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელზეც შეჯამდა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩვენმა ოცდაათწლიანმა წარმატებულმა პარტნიორობამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და მოდერნიზაციაში, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. მსოფლიო ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, საქართველოს ეხმარებოდა და ეხმარება ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნაში, ინვესტიციების მოზიდვაში, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაში, და რაც მთავარია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებლის თითქმის განახევრებაში. ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი დასტურია დღევანდელი ხელმოწერის ცერემონია, რომლითაც საქართველო, რომელიც მანამდე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ბენეფიციარი იყო, დღეს ამავე ორგანიზაციის დონორი სახელმწიფო გახდა“, – აღნიშნა ანა ბიერდემ.
საერთაშორისო განვითარების ასოციაცია 1960 წელს შეიქმნა და ის მსოფლიო ბანკის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს უღარიბესი ქვეყნების დასახმარებლად. გრანტებისა და ნულოვანი და დაბალპროცენტიანი სესხების საშუალებით, ასოციაცია ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, პროდუქტიულობის ამაღლებასა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას გლობალური მასშტაბით. საქართველო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წევრი 1993 წელს გახდა და მას შემდეგ, როგორც ბენეფიციარმა, 1.53 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. საქართველომ ასოციაციის ბენეფიციარის პროგრამა 2014 დაასრულა.
0
0