26/06/2023
17:59
სპორტი
ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 ივნისს, „დინამო არენაზე“ ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ სავსე ტრიბუნების წინაშე გამართავს.
„მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მოდი სტადიონზე ადრე, ერთად ვიმღეროთ ჰიმნი და პირველივე წუთებიდან მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნაკრებს“, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატების დასწრების რეკორდი „დინამო არენაზე“ ევრო 2023-ის მსვლელობისას დამყარდა. საქართველო-ბელგიის შეხვედრაზე 41 887 ბილეთი გაიყიდა, რაც 6 000-ით აღემატება ძველ რეკორდს, რომელიც 1996 წელს ბარსელონაში, ესპანეთი-იტალიის თამაშზე დაფიქსირდა (35 600).
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გუნდი მეოთხედფინალურ თამაშს „მიხეილ მესხის“ ნაცვლად „დინამო არენაზე“ გამართავს, მაგრამ ჯერ ამ თემაზე კომენტარს არავინ აკეთებს, რადგან საქართველოს ნაკრები თბილისში 1 ივლისს, ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ითამაშებს. თუ გუნდი მეორე ადგილზე გავა, მეოთხედფინალს ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ ჩაატარებს.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. შემდეგ მოდიან (2-2 ქულით) ბელგია და ნიდერლანდები, ბოლო ადგილზე კი პორტუგალიაა (1 ქულა).
მესამე ტურის მატჩს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 ივნისს, „დინამო არენაზე“ ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0