18/11/2024
22:45
სპორტი
ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა ერთა ლიგაზე საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდის კაპიტნის, ტომას სოუჩეკის შეცვლა რთული იქნება, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მის პოზიციაზე საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ.
საქართველომ თბილისში შესანიშნავად ითამაშა, ის ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო მას შემდეგ, რაც ჩეხეთის მწვრთნელი ვარ.
ერთა ლიგის ჯგუფის მოგება ყველა გუნდს შეუძლია, მათ შორის საქართველოსაც. ამიტომ მეტოქის შემტევ ვარსკვლავებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ქართველები კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოები არიან და დაცვაში მაქსიმალურად საიმედოდ უნდა ვითამაშოთ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ორჯერ შევხვდით. წინა მატჩები განსხვავებული იყო, თუმცა მსგავსება ის გახლდათ, რომ მეტოქე, ძირითადად, დაცვიდან თამაშობდა. შეიძლება ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ სახიფათოები არ ვიყავით. ამჯერად ვეცდებით, განსხვავებული თამაში ვაჩვენოთ.
სოუჩეკისა და ხორის არყოფნის გამო, სტანდარტული მდგომარეობებისას პრობლემები შეგვექმნება. მეტოქე, სავარაუდოდ, ხუთი მცველით ითამაშებს, რომელთა სიმაღლე 190 სმ აღემატება და მცირე უპირატესობა ექნებათ. მაგრამ მჯერა, რომ შეგვიძლია მათ ორი წამყვანი მოთამაშის გარეშეც გავუმკლავდეთ“, – თქვა ივან ჰაშეკმა.
0
0