07/06/2023
15:02
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის 2022 წლის მოხსენების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება „ინტენსიურ მუშაობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას დეოკუპაციის მიზნით რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“.
აფხაზეთის დეფაქტო უწყებაში საქართველოს ხელმძღვანელობის ასეთი განცხადებები განიხილება, როგორც „რეგიონში მიმდინარე მოვლენების რეალური სურათის დამახინჯების და საკუთარ პროვოკაციებზე და შეცდომებზე პასუხისმგებლობის მეზობელ სახელმწიფოებზე გადაბარების კიდევ ერთი მცდელობა".
„სამინისტროში“ აცხადებენ, რომ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყანად, რომელიც დივერსიას ახდენს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმის მუშაობაზე და კატეგორიულ უარს ამბობს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე“ აფხაზეთთან.
„არსებული წინააღმდეგობებისთვის ქართულ-რუსული კონტექსტის მინიჭების ნებისმიერი მცდელობა არის ხელოვნური და აბსოლუტურად უშედეგო. გარდა ამისა, საქართველოს ხელმძღვანელობა განაგრძობს უკიდურესად ნეგატიურ როლს ჰუმანიტარული საკითხების კონტექსტში, აგრძელებს ყველაზე მკვეთრი ქმედებების განხორციელებას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ“ - ამბობს მილანა ცვიჟბა, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
0
0