15/01/2025
20:27
პოლიტიკა
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან ვინმე თუ არ ითანამშრომლებს, ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სასჯელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება ოპოზიციის გადასაწყვეტი.
„ვინმე თუ არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ, განსაჯოთ, რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები“, – განაცხაცდა პრემიერმა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში პარლამენტში შეიქმნება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია“, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.
0
0