17/06/2023
23:14
მედიცინა
ეს არის ისტორია, რომლის მოსმენაც კი ძალიან მძიმეა…
ისტორიას 6 წლის პაციენტის შესახებ, რომელიც ექიმების დაუდევრობის გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, „აიპრესს“ მისი დედა, მთვარისა შურღაია უყვება...
აგვისტოში ცუდად რომ გახდა, მაშინ ბავშვი იყო 6 წლის.
აქ, ჩვენთან, ჩხოროწყუში მივიყვანეთ საავადმყოფოში, მუცლის ტკივილით შევიყვანეთ. გვითხრეს ბრმა ნაწლავის ამბავი არისო და გადაგვიყვანეს ქუთაისში. ჩვენი მანქანით წავედით, იქ რომ შევიყვანეთ, გასინჯა ქირურგმა და თქვა, რომ არანაირი ბრმა ნაწლავი არ არისო, ანალიზები აუღეს და თქვეს, უბრალოდ ვირუსიაო. 5 დღე უმკურნალეს, მაგრამ სიცხე არ უკლებდაა, 39 ჰქონდა. როგორც შევიყვანეთ, იმ მდგომარეობაში იყო უცვლელად. მერე შემოვიდა ორი ქირურგი, მათაც თქვეს, არანაირი ბრმა ნაწლავი, ჩვეულებრივად გააგრძელეთ მკურნალობა, ვირუსი არისო.
ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე და შემდეგ გადაუღეს „კატე“. ვერაფერი ნახეს, ექოსკოპია 5-ჯერ ჩაუტარდა და ისევ იმავეს ამტკიცებდნენ - არანაირი ბრმა ნაწლავიო. ცოტა ხნის შემდეგ, ქირურგმა რომ გასინჯა, სწორი ნაწლავი დაუზიანდა, სისხლი ჰქონდა, გვითხრა გაუვალობის ამბავი არისო. ჰქონდა ღებინება, მარჯვენა ფეხს მიათრევდა, აშკარად ჩანდა, რომ ბრმა ნაწლავის ამბავი იყო, მაგრამ მაინც ვირუსზე მკურნალობდნენ. დღეში კეთდებოდა დაახლოებით 5 გადასხმა კალიუმსაც უყენებდნენ. მეექვსე დღეს უკვე ბრმა ნაწლავი გასკდა. საოპერაციოში რომ შეიყვანეს, ნახევრად მკვდარი იყო ბავშვი.
იცით, რა მახსენდება კიდევ? ერთ დღეს, ბავშვი ძალიან ცუდად გახდა, აუტანელი ტკივილები ჰქონდა და ვეუბნები მორიგე ექიმს - სტკივა, ძალიან წუხს მეთქი. შემოვიდა გაღიმებული, დღეს მუცელი ყველას სტკივა, დაანებე თავიო.
საჩივარი დაწერეთ კლინიკაში და რეგულირების სააგენტოსაც მიმართეთ?
დიახ დავწერე, სექტემბერ-ოქტომბერში.
ახლა როგორ გრძნობს თავს ბავშვი, აქვს რაიმე ჩივილები?
არ ვიცი რა დაუზიანეს, ახლაც უჭირს გავლა, ტკივილები აქვს. სიცხეები ჰქონდა 38, ლეიკოციტები მაღალი და მაინც ვერ მიხვდნენ.
და თავად რას აბრალებდნენ, რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ ბავშვს ბრმა ნაწლავის პრობლემა ჰქონდა?
ყველამ, მათ შორის იმ ქირურგმაც, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა, განაცხადა - ეს ჩემი ბრალი არ არისო, „კატეს“ აპარატის ბრალიაო. კატეს გადაღებისას ეკრანს კი არ უყურებდა, წინ იყურებოდა და ეტყობა გამოეპარა. პირველმა ქირურგმა, რომელმაც გასინჯა და მერე შვებულებაში წავიდა, როცა მობრუნდა თქვა, მე აშკარად ვთქვი, რომ ეს ბრმა ნაწლავი არისო და რომ დავრჩენილიყავი, ეგრევე გავუკეთებდი ოპერაციასო. ასე იყვნენ ერთმანეთის და ტექნიკის გადაბრალებაში, რამაც ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
რა რეაგირება მოახდინა რეგულირების სააგენტომ?
საჩივარი დავწერე თბილისში ჯანდაცვაში, იქიდან მივიღე პასუხი, რომ დროებით შეუჩერდა ამ ექიმებს ლიცენზია. მაგრამ ეს არ ცვლის იმ სტრესს, რაც იქ მივიღეთ, ჯანმრთელობის მხრივ, მე თვითონაც ძალიან ცუდად ვარ.
ბავშვს 18 ნაკერი ჰქონდა, იმხელაზე იყო გაჭრილი. დღემდე ეშინია იმ ქირურგის, რომელმაც გასინჯა, კოშმარები ესიზმრება.
იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკური ტკივილის გარდა, ამ კლინიკაში ყოფნა და იმ ხალხთან ურთიერთობა ჩვენთვის იყო მორალური სტრესი. - ამბობს 6 წლის ბავშვის დედა.
***
რაც შეეხება საქმის მსვლელობას: განაცხადი რეგულირების სააგენტოში შევიდა 2022 წლის 29 სექტემბერს. შესაბამისი დოკუმენტაცია და 4 ოქტომბერს გადაეგზავნა სასამართლოს (შუამდგომლობა მეწარმის შემოწმებასთან დაკავშირებით).
ქუთაისის სასამართლომ 7 ოქტომბერს იმსჯელა აღნიშნულთან დაკავშირებით, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტროს აცნობა 25 ოქტომბერს ჩაბარდა.
საბოლოოდ, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის 9 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. ამათგან, 1 ექიმს, მიეცა წერილობითი გაფრთხილება, 8 ექიმს, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა პროფესიული საქმიანობის უფლება.
წყარო: ipress.ge
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024