15/07/2023
11:04
სპორტი
Television Publica არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის აცხადებს, რომ გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემთხვევაში სანაკრებო კარიერას დაასრულებდა.
არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის მუნდიალი საუდის არაბეთთან მარცხით დაიწყო, თუმცა დარჩენილ ექვს თამაშში წარმატებას მიაღწია, ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
მესიმ არგენტინელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან შვიდი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა.
„მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული მომენტით ძალიან ვისიამოვნე. ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის, შესაძლოა, უკანასკნელი მუნდიალი ყოფილიყო. გულწრფელად ვიტყვი, თუ წარმატებას ვერ მივაღწევდით, სანაკრებო დონეზე აღარ ვითამაშებდი.
ახლა მსოფლიო ჩემპიონები ვართ და გუნდის დატოვება არ შემიძლია. ძლიერი შემადგენლობა გვყავს და მე ამ მოთამაშეების რწმენა მაქვს“, – განაცხადა მესიმ.
როგორც არგენტინული მედია იუწყება, ლიონელ მესის ბოლო სანაკრებო ტურნირი 2024 წლის კოპა ამერიკა იქნება, რომელიც აშშ-ში გაიმართება. სავარაუდოდ, ის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს.
მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელმა, 36 წლის ლიონელ მესიმ ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა და ახალი სეზონიდან MLS-ში, „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში ითამაშებს.
0
0