27/12/2024
13:31
მსოფლიო
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დუკ-სოს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.
ჰან დუკ-სო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობას ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასრულებდა.
ჰან დუკ-სოს იმპიჩმენტის შესახებ შუამდგომლობა ერთხმად – 192-0 ხმით დაამტკიცეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტი მოხდა. ჰანს უფლებამოსილება შეუჩერდება იმპიჩმენტის რეზოლუციის გადაცემისთანავე.
ჰან დუკ-სომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ კორეის პარლამენტმა საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან გადააყენა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ჩოი სანგ-მოკი შეასრულებს, რომელიც ასევე იქნება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
0
0