29/10/2024
16:09
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო დაჯგუფების, „ცენტრის“ ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო სრულად დაიკავეს.
როგორც „ბიბისი“ გასულ კვირას წერდა, რუსეთის სამხედრო ძალები სელიდოვოში შეიჭრნენ, ქალაქში, რომელიც პოკროვსკიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
მანამდე, რუსეთის ძალებმა შეძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოვლა.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ჯარები ალყაში მოქცევის საფრთხის გამო იძულებულნი გახდებიან, დატოვონ სელიდოვო.
სელიდოვო პატარა ქალაქია პოკროვსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომელზეც მიმართულია დონბასში მოქმედი რუსული დაჯგუფების მთავარი დარტყმა. მდებარეობს დაბლობში და მისი დაკავება შეტევის განვითარებისთვის განსაკუთრებულ უპირატესობას არ იძლევა.
თუმცა, რუსული ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც პოკროვსკს უტევენ ჩრდილოეთიდან, აგვისტო-სექტემბერში დაკავებული გროდოვკასა და ნოვოგროდოვკას მხრიდან, სელიდოვო საფრთხეს წარმოადგენდა, რადგანაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ, ფრანგზე საშიში კონტრდარტყმის განხორციელება და ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად ზღუდავდა რუსეთის არმიის წინსვლას პოკროვსკის მიმართულებაზე.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბოლო თვეების მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსული სარდლობა მცირე ტემპებით, მაგრამ ახერხებს ტაქტიკური ამოცანების შესრულებას.
0
0