14/01/2025
17:57
პოლიტიკა
დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის იმ მხარდაჭერას, რომელიც 40 დღეზე მეტია საქართველოში დემოკრატიული და ევროპული მომავლის დაცვისთვის იბრძვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„დღეს სწორედ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები და ივანიშვილის რეჟიმი აბრკოლებს ევროპულ მომავალს, ამიტომ მნიშვნელოვანია განაცხადი, რომ დღეს ხალხია დიპლომატი ევროკავშირთან, რომელიც იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, დემოკრატიას და არა ის ჩინოვნიკები, რომლებიც რეჟიმის სამსახურში ისევ დგანან, რეჟიმის დავალებებს ასრულებენ ქვეყნის ავტორიტარულ რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი შეჩერდა და საფრთხე შეექმნა კონსტიტუციით გარანტირებულ საშინაო და საგარეო ვექტორს.
„ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა ის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი შეაჩერა და საფრთხე შეუქმნა კონსტიტუციით გარანტირებულ საშინაო და საგარეო ვექტორს. შესაბამისად, დახმარების შეჩერება სწორედ აქედან გამომდინარეა, ხოლო ის გადამისამართება, რომელიც სამოქალაქო სექტორის, კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის დასაცავად არის, კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც განცხადებიდან ვნახეთ და ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმ ბრძოლის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანაში კონსტიტუციური კურსის დაბრუნებას გულისხმობს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ვაგრძელებთ სამოქალაქო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში, 8,5 მილიონი ევრო უკვე გადამისამართდა მათთვის, მზად ვართ, გადავამისამართოთ დამატებით 7 მილიონი ევრო“.
0
0