21/09/2021
16:18
პოლიტიკა
რა დაუშავა ქართველ ხალხს მეგის ქარდავამ მოქალაქეებს და პატიმრებს, ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოში ექსტრადირებულ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროს მეგის ქარდავასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სამართალმა იზეიმა და ქარდავას ახლა უკვე შეუძლია, პასუხი გასცეს როგორც დაზარალებულების ოჯახებს, ასევე ქართულ კანონს.
„რა დაუშავა ქართველ ხალხს ბატონმა ქარდავამ მოქალაქეებს და პატიმრებს, ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ეს გახლავთ – კუხალაშვილის საქმე, „ციხის ბუნტი“ ორთაჭალის ციხეში, სადაც სტრასბურგის სასამართლომ და არა ვინმემ, თქვა, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება და ამას შეეწირა არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე. ასევე, „ნავთლუღის“ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სურმანიძისა და თოიძის საქმეზე, სადაც ასევე დადგენილია, რომ სწორედ მისი ქმედებების შედეგად დადგა სიცოცხლის მოსპობის ფაქტები. ასევე, არსებობს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ის მსჯავრდებული. შესაბამისად, ყველანაირი ტიპის სპეკულაცია იმაზე, რომ დანაშაული თურმე მას არ ჩაუდენია, რა თქმა უნდა არის ცუდი, უბრალოდ მცდელობები. ის წარდგენილია მართლმსაჯულების წინაშე, მართალია ხანგრძლივი საექსტრადიციო პროცედურების შედეგად. მაინც კარგია, რომ გვიან, მაგრამ სამართალმა იზეიმა და ახლა მას უკვე შეუძლია, რომ პასუხი გასცეს როგორც დაზარალებულების ოჯახებს, ასევე პროკურატურას და უფრო ფართოდ კი, ქართულ კანონს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, ელოდებით თუ არა, რომ მეგის ქარდავა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს, რადგან ამით იმუქრება, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს მისი საქმეა.
„არ ვიცი, ეს მისი საქმე. ყველა მსჯავრდებული, ყველა ბრალდებული არის თავისუფალ არჩევანში, გათქვას ის ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობს, თუ არა. ჩვენი კანონი არის ევროპული დონის კანონი, როდესაც ბრალდებული ან მსჯავრდებული თანამშრომლობს დანაშაულის გახსნის მიზნით, იქ არის გარკვეული შეღავათებიც, მაგრამ ბრალდებული და მსჯავრდებული არის აბსოლუტურად თავისუფალი თავის არჩევანში. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არავის განსახილველი არ არის, მის გარდა. ის თავისუფალია თავის არჩევანში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0