19/10/2021
18:17
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხავიერ კოლომინას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად დანიშვნა მიულოცა და მომავალი მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
„შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ჩატარდა, საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადამიანთა უკანონო გატაცებებს, ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, მშობლიური ენაზე სწავლების აკრძალვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს ეხება.
პრეზიდენტის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტები და ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები საქართველო-ნატოს მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს მომავალი სამიტის მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში.
საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ამ მიმართულებით ალიანსთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებს. ხავიერ კოლომინას განცხადებით, ალიანსისათვის მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა. პრეზიდენტის თქმით, რეგიონული სტაბილურობისათვის და შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობით სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელება. ხავიერ კოლომინა მიესალმა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ ახალ მემორანდუმზე. ხავიერ კოლომინამ აღნიშნული შეთანხმების დადება საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებად შეაფასა.
0
0