07/01/2025
15:46
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს არხის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას გადაყენების მოთხოვნა შეუჩერა. რეესტრმა მიიჩნია, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამ ეტაპზე კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა.
„მთავარი არხის“ თანადირექტორმა გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრს 24 დეკემბერს, დილით მიმართა და წერილს დაურთო გიორგი გაბუნიასთან მიმოწერის ფოტო, რომელშიც გენერალური დირექტორი აღნიშნავდა, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“.
„მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია გიორგი გაბუნიას ნების გამოვლენის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული, პირადი განცხადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით“, - წერია დასკვნაში, რომელიც გიორგი (გოგი) ქურდაძის მიმართვის შემდეგ, 25 დეკემბერს მოამზადა საჯარო რეესტრმა.
გიორგი გაბუნიას გადასაყენებლად კიდევ ერთი გზა არსებობს - არხის დამფუძნებლებმა მიიღონ ეს გადაწყვეტილება. გოგი ქურდაძეს არც მსგავსი დოკუმენტი არ წარუდგენია.
2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, „მთავარი არხის“ წილები ასეა გადანაწილებული: სოფო ლილუაშვილი (ნიკა გვარამიას ცოლი) - 12%; მარი ანა რურუა - 2,5%; გიორგი რურუა - 2,5%; ნიკოლოზ სისაური - 3%; შპს "საქართველოს უნივერსიტეტი" - 2%; ბაკურ ჯახია - 37%; შპს "ომეგა მოტორს თბილისი" - 0,2% (ზაზა ოქუაშვილი); შპს "ომეგა მოტორ ჯგუფი" (ზაზა ოქუაშვილი) - 0,2%; BGIM LTD (ზაზა ოქრუაშვილი) - 39,2%; მაგული ხარებავა - 0,2%; ნათია ჯოგიაშვილი - 0,2%.
სწორედ ეს ორი გარემოება გახდა მიზეზი, რის გამოც გიორგი გაბუნიას „მთავარი არხის“ დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების პროცესი შეჩერდა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად გოგი ქურდაძეს 30-დღიანი ვადა აქვს.
25 დეკემბერს ინფორმირებულმა წყარომ „მთავარი არხიდან“ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გიორგი გაბუნიას გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.
2020 წლის მაისში „მთავარი არხის“ მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.
2024 წლის მარტში ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.
რადიო თავისუფლება
0
0