26/03/2024
15:31
კულტურა
140 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ბარსელონის სიმბოლოდ ქცეული საგრადა-ფამილიას ბაზილიკის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. ამის შესახებ CNN წერს.
ამ ეტაპზე ტაძრის მე-6 ცენტრალური კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების თარიღადაც 2026 წელი დასახელდა. სწორედ მე-6 ცენტრალური კოშკის აშენების შემდეგ საგრადა-ფამილია დამთავრებულ პროექტად ჩაითვლება.
საგრადა-ფამილიას კოშკი, რომლის მშენებლობაც დღემდე გრძელდება, იესო ქრისტეს გამოხატავს. კოშკი 172,5 მეტრი სიმაღლის იქნება და 17-მეტრიანი ჯვრის დადგმით დასრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ საგრადა-ფამილია მსოფლიოს უმაღლესი ტაძრის სტატუსს მოიპოვებს.
საგრადა-ფამილია მშენებლობა 1882 წელს დაიწყო. ტაძარი კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის, ნამუშევარია. საგრადა-ფამილიას გაუდი 40 წლის განმავლობაში აშენებდა, მისი გარდაცვალებისას კი პროექტის მეოთხედიც კი არ იყო დასრულებული.
ჩანაფიქრის მიხედვით, ამ არქიტექტურულ შედევრს, რომელშიც გოთიკისა და არტ-ნუვოს სტილი ერწყმის ერთმანეთს, 18 მოზრდილი, კონუსისებური კოშკი უნდა ჰქონოდა. რიცხვი სიმბოლურია — იგი გამოხატავდა იესო ქრისტეს, მის 12 მოციქულს, 4 მახარებელსა და მარიამ ღვთისმშობელს. მასშტაბური ნაგებობა 13 ათას ადამიანზე იყო გათვლილი. თუმცა, ჯერ კიდევ 1930-იანებში, ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო მშენებლობა შეწყდა, გაუდის ჩანახატებისა და ნაგებობების უმეტესი ნაწილი კი განადგურდა. ტაძრის დღევანდელი სახე ნაწილობრივ არქიტექტორის გადარჩენილ ნამუშევრებს, ნაწილობრივ კი ორიგინალის ინტერპრეტაციებს ეფუძნება.
1984 წელს UNESCO-მ გაუდის ნამუშევრები, მათ შორის საგრადა-ფამილია, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. პაპი ბენედიქტე XVI-ის გადაწყვეტილებით კი, 2010 წლიდან ტაძარში საეკლესიო მსახურებაც მიმდინარეობს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024