16/11/2024
21:01
პოლიტიკა
ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის მიმართ გამოვხატე - ეს იყო სოლიდარობა იმ სტუდენტების და ქართველი ხალხის მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში არის რეალობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, რადგან მისი შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ქართველი ამომრჩევლების “ხმა მოიპარა”.
“თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში - დიახ, ზუსტად ასე იყო. თვალახვეული იყო და ვერ ხედავდა, ვერც არჩევნების დღეს დარღვევებს, ცემა-ტყეპას, დაშინებას, მოსყიდვას, რაც არჩევნების პროცესში მიმდინარეობდა. ამიტომ მე ყველა ქართველ ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს ზუსტად არის ბრძოლის დრო, რადგან ჩვენი საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ!”, - განაცხადა კირთაძემ.
გარდა ამისა, კირთაძე ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ის მზად არის ყველა შეკითხვას უპასუხოს”.
“მესმის, მათი მხრიდან არის დაშინების პროცესი. მე ყველაფერზე პასუხს ვაგებ, მზად ვართ, მათ შეკითხვებსაც ვუპასუხო, ამიტომ არსად დამალვას არ ვაპირებ. მზად ვარ, მათ შეკითხვებს ვუპასუხო!”, - აღნიშნა კირთაძემ.
0
0