08/04/2024
17:35
კულტურა
“ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო”, 14 აპრილს, საგაზაფხულო ბაზრობას, გამოფენა-გაყიდვას გამართავს.
როგორც რადიო “სივრცეს” ორგანიზატორებმა განუცხადეს, ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი და უცხოური წარმოების გამორჩეული პროდუქტები, საგაზაფხულო თემატიკის საჩუქრები და ნაკეთობები.
წარმოდგენილი იქნება ქართველი ავტორების ხელნაკეთი სამკაულები და სხვა ნივთები, ასევე, ქართველ დიზაინერთა მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები.
"საგაზაფხულო ბაზრობის სტუმრებისათვის ბევრი საინტერესო შეთავაზება იგეგმება ტურიზმის, კულინარიის, ღვინისა და ყველის სექციებსგან. აქვე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სკოლა თავიანთი სიახლეებითა და შემეცნებითი პროგრამებით, იმოქმედებს საბავშვო გასართობი კუთხე. გათამაშდება ლატარია. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას. "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია" არის მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა საზოგადოებრივი პროექტის განხორციელებას საქართველოში." - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, “ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს” პროექტები ძირითადად ორიენტირებულია ჯანმრთელობის, განათლების, ქალთა უნარების განვითარების, ასევე, უნარშეზღუდულ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.
მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების მთავარი მიმართულებაა - „განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის“. ასოციაციის პრეზიდენტია მარია ფიშერი.
ღონისძიებას 14 აპრილს, თბილისში, სასტუმრო "პარაგრაფი" (მისამართი: თავისუფლების მოედანი 7) 10:00-დან 18:00 საათამდე უმასპინძლებს.
0
0