30/09/2024
18:38
მსოფლიო
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური გაერთიანების“ მმართველობის სასამართლო პროცესი დაიწყო. პოლიტიკოსებს ევროკავშირის თანხების მითვისებაში სდებენ ბრალს, რაც ევროპარლამენტის დეპუტატების ასისტენტების ფიქტიური დაქირავების გზით ხდებოდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, ამ გზით მიყენებულმა ზარალმა 7 მლნ. ევრო შეადგინა. ამ თანხიდან 330 000 ევრო ლე პენმა ევროპარლამენტს უკვე დაუბრუნა. დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთას შეადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ მარინ ლე პენის ბრალი დადასტურებული იქნება, ის 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ბრალდების მხარე იუწყება, რომ ადამიანები, რომლებიც თითქოს ევროპარლამენტის დეპუტატების თანაშემწეებად მუშაობდნენ, სინამდვილეში არა ამ ადამიანებზე, არამედ მარინ ლე პენსა და მის პარტიაზე მუშაობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ასისტენტი იყო პარტიის დამფუძნებლის, ჟან მარი ლე პენის პირადი დაცვის წარმომადგენელი, რომელიც მოგვიანებით მარინ ლე პენის დაცვის თანამშრომელი გახდა.
მარინ ლე პენთან ერთად განსასჯელის სკამზე მისი და იანი და ყოფილი პარტნიორი ლუი ალიო აღმოჩნდნენ. ბრალი მარინ ლე პენის მამას, ჟან-მარი ლე პენსაც წაუყენეს, მაგრამ ვინაიდან ის 96 წლისაა, მას უფლება მისცეს, რომ სხდომებში მონაწილეობა არ მიეღო. საერთო ჯამში ამ საქმეში 27 ადამიანი ფიგურირებს.
0
0